რატომ არიან სარძევე კბილები მნიშვნელოვანი?
გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სარძევე კბილების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობა არ არის მნიშვნელოვანი, იმის გამო, რომ ის არ არის მუდმივი.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მცდარი მოსაზრება, რადგან გარდა იმისა, რომ პირველადი კბილები ბავშვს ჭამასა და საუბარში ეხმარება, ასევე ისინი საფუძველს უყრიან ყბების, ძვლებისა და კუნთების სწორ განვითარებას.
სარძევე კბილები სივრცეს „ამზადებენ” მუდმივი კბილებისთვის, ხოლო მათი განვითარება და შემდგომი შეცვლა მუდმივი კბილებით, ბავშვის ზოგადი ფიზიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.
სარძევე კბილების მოვლაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მშობლებზე, რადგან აუცილებელია მათ იცოდნენ ბავშვის კბილების მოვლის, ჰიგიენის, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გარკვეული ნიუანსები.
აუცილებელია მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვის პირის ღრუსა და კბილების სიჯანსაღე განსაზღვრავს მისი ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას.
ბავშვის კბილების ჩანასახები ვითარდება დაბადებამდე, დაახლოებით ორსულობის მეოთხე თვეზე, ამიტომაც აუცილებელია მომავალმა დედამ ჩასახვის პირველივე თვიდან საკმარისი რაოდენობით მიიღოს კალციუმის შემცველი პროდუქტები (ორსულ ქალს ესაჭიროება 1.5 გ-მდე კალციუმი დღეში).
ასევე, სასურველია ყურადღება მივაქციოთ საკვებ პროდუქტებს: ბავშვის კბილები საჭიროებენ ხაჭოს, რძეს, ხილ-ბოსტნეულს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ასევე D ვიტამინსა და ფოსფორისა და ფტორის შემცველ პროდუქტებს.
ბავშვის კბილების ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა.
გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა დარღვევამ, როგორიც არის ადრეული და გვიანი ტოქსიკოზი, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სარძევე კბილების ჩამოყალიბებაზე და გახდეს კარიესის განვითარების მიზეზი.
როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?
საერთაშორისო რეკომენდაციით, სტომატოლოგთან ვიზიტი სასურველია მოხდეს პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში, რაც წარმოადგენს კბილის სხვადასხვა დაზიანების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.
თავის მხრივ სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ გამოასუფთავოთ კბილები სწორად და აარიდოთ თავი ბევრ მავნე ჩვევას, რაც მომავალში ხელს შეუწყობს თანკბილვის სხვადასხვა ანომალიის ჩამოყალიბებას.
რეკომენდაციები – როგორ მოვუაროთ სწორად სარძევე კბილებს?
- სასურველია ბავშვის პირის ღრუს მოვლა დავიწყოტ დაბადების პირველივე დღეებიდან.
- 3 წლამდე ბავშვს კბილების გამოხეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი.
- საწყის ეტაპზე სასურველია ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენება.
- კბილების გამოხეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
- თუ ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს კბილების გამოხეხვას, ადევნეთ თვალი რამდენად სწორად აკეთებს ამას და ხმარობს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას.
- მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს.
- იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილბს, აუცილებლად დაეხმარეთ მას.
- არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
- როცა ბავშვს უკვე ამოუვა ქვედა და ზედა კბილები, შესაძლებელია კბილის ძაფის გამოყენებაც.
თუ გეგმავთ მკურნალობას ან კონულტაციას, შეგიძლიათ ვიზიტზე ონლაინ ჩაეწეროთ და დაელოდოთ ჩვენი ოპერატორის ზარს.